შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხეს
სამართალი

ფოტო: არქივი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომლის გამოკითხვა დასრულდა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი კვლავ არ გააკეთეს. გამოკითხვა სამსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროკურატურაში დაბარებულნი იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე - რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი.
გუშინ, 26 სექტემბერს, გენპროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი გამოკითხეს.
მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.
პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.





