გენპროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გამოკითხეს
სამართალი

ანგი ხუციშვილი
ფოტო: მაესტრო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გენერალური პროკურატურა დატოვა. 5- საათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ ანგი ხუციშვილმა უწყება უკომენტაროდ დატოვა.
საქმე ეხება შეწყალების გახმაურებულ საქმეს. 25 ოქტომბერს პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.
გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალს მისი გვარი დაუკავშირა, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს.
დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს აკისრებს, რომელიც ამავდროულად შეწყალების დეპარტამენტის კურატორია. დიდი ალბათობით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგი ხუციშვილს გულისხმობდა. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე ის ჯერ არ დაუბარებიათ. ხუციშვილი ამ დრომდე არც მედიასთან გამოჩენილა. ჟურნალისტები მასთან 2 დღეა ტელეფონით დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.
პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.





