პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს
სამართალი

ფოტო: არქივი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს თავად პროკურატურაში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ხუციშვილი მთავარ პროკურატურაში ხვალ, 12 საათზე უნდა გამოცხადდეს. საქმე ეხება შეწყალების გახმაურებულ საქმეს. დღეს პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.
გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალს მისი გვარი დაუკავშირა, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს.
„პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და დეტალებზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს.
შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა. სკანდალური შეწყალებები კვლავ განხილვის მთავარი საგანია როგორც საზოგადოების ფართო მასებში, ისე პოლიტიკურ წრეებში.
დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს აკისრებს, რომელიც ამავდროულად შეწყალების დეპარტამენტის კურატორია. დიდი ალბათობით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგი ხუციშვილს გულისხმობდა. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე ის ჯერ არ დაუბარებიათ. ხუციშვილი ამ დრომდე არც მედიასთან გამოჩენილა. ჟურნალისტები მასთან 2 დღეა ტელეფონით დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.





