პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო
სამართალი

ფოტო: არქივი
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.
2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.





