პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარსადგენად დაიბარა
სამართალი

ფოტო: არქივი
გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, - ამის შესახებ დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - განაცხადეს ბრიფინგზე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დაიბარეს. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.





