imedi
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა
სამართალი

პროკურატურამ ე.წ. „დეკანოზის საქმეზე“ გამოძება დაასრულა. ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა. „მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება,“ - აღნიშნავენ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარდა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე მთლიანობაში შეისწავლეს 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა.
„მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამი - ნატრიუმის ციანიდია.
პროკურატურა დანაშაულის მოტივზეც საუბრობს. „მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისთვის შეუსაბამოდ დაბალი იყო. ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან. გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა“ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საქმის წინასასამართლო განხილვა 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.





