დიტო ყირიმლიშვილი
ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს
სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილი
ფოტო: IMEDI
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
წილების დაბრუნების მოთხოვნით ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს ერთ კვირაში მიმართავს.
როგორც 18 ივლისს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში წერია, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.
განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, რომელშიც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებდნენ, არ დაერეგისტრირებინა ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.
„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.





