imedi
დღეს ფოტოგრაფების საქმეზე ჩვენება ნათია გედენიძემ მისცა
სამართალი

ნათია გედენიძე
დღეს ფოტოგრაფების საქმის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ჩვენება ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ მისცა. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ფოტოგრაფების დაკავების საქმეში შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, შოთა ხიზანიშვილის მონაწილეობაზეც ისაუბრა.
როგორც გედენიძემ სასამართლოზე განაცხადა, როდესაც სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა, ხიზანიშვილი კამერის უკან იდგა, ჩვენებას ისმენდა და პროდიუსერივით იქცეოდა.
„მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო“, - განაცხადა გედენიძემ.
სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.
რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.





