დარეჯან ჩხიკვაძე
ჩხვირკიას და ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სამართალი

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
ადვოკატები და ბრალდებულები თითქმის 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ღოღობერიძის და ჩხვირკიას უდანაშაულობის დამტკიცებას და ამტკიცებდნენ, რომ მათი დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა.
სხდომაზე წარმოადგინეს ირაკლი ჩხვირკიასადმი “ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის დოკუმენტი, სადაც პარტია განმარტავს, რომ ჩხვირკიას გარიცხვა დისციპლინური გადაცდომის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ ის დამნაშავეა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე დაპატიმრებულის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი გამოძიებასაც და სასამართლოსაც არააობიექტურს უწოდებენ. ისინი ამ წუთებშიც რჩებიან სასამართლოს ეზოში.
პროკურატურამ სასამართლო სხდომის განმავლობაში საქმის რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა. ბრალდების მტკიცებით, ბათუმის მარტის მოვლენები ღოღობერიძის მხრიდან აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის მიმართ, წარსულში უსიამოვნების გამო, ანგარიშსწორების ნიადაგზე დაიწყო. პროკურატურა ირწმუნება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ბუხრაძის ჩვენებაც ამაზე მიუთითებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვა 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში 18 პირი ამჟამად იმყოფება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს





