აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოტო: Facebook
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 ადამიანის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.
"აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ", - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
არსებული მონაცემებით, ახლა პატიმრობაში აქციაზე დაკავებული 3 ადამიანი რჩება.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს აქციაზე ადმინისტაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა. მათმა ნაწილმა საპატიმრო უკვე დატოვა.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა





