ბელა ზაქაიძე
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას გოგაშვილის ქონებით დაინტერესებას ურჩევს
სამართალი

ლევან ბეჟაშვილი და გოგა ონიანი პროკურატურაში
ფოტო: ბელა ზაქაიძე
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას იოსებ გოგაშვილის ქონების საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. პარტიის წარმომადგენლებმა ლევან ბეჟაშვილმა და გოგა ონიანმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
მათი განმარტებით, 2013 წელს თანამდებობაზე დანიშვნამდე გოგაშვილი სოციალურად დაუცველი იყო, დღეს კი მილიონერია. მათივე მტკიცებით, გოგაშვილი ხელფასით ამას ვერ მოახერხებდა და პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.
იოსებ გოგაშვილის საკითხი აქტუალური აპრილის დასაწყისში გახდა, მას შემდეგ რაც შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ მასზე თავდასხმაში ძალოვანი უწყებები დაადანაშაულა. ხვედელიძემ განაცხადა, რომ თავდასხმამდე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაასახელა. გელა ხვედელიძეს თავს 3 აპრილს დაესხნენ.
იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის შსს მინისტრის პირველი მოადგილე იყო. გოგიაშვილს ასევე ეკავა შემდეგი პოზიციები: 2014-2015 – შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი;
12.02.2014-05.12.2014 – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2013-2014 – შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2012-2013 – შსს-ს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.





