Imedi
ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წარედგინა
სამართალი

ადვოკატი პაატა შავაძე
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ბათუმის მოვლენების ორგანიზებასთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად წარედგინა.
ღოღობერიძის ახალი ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძე წარდგენილ ბრალს უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
"საქმეზე მტკიცებულებები, რომელიც 14 ტომს შეიცავს, ჯერ არ ჩაგვბარებია. მიმაჩნია, რომ ეს საქმე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ გადალახავს. მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება. პირველი წარდგენის ეტაპზე შევეცდებით გირაოთი გავათავისუფლოთ. თვითონ ბრალს არ აღიარებს და როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?! იგი ამ დროისთვის შიმშილობს. დაცვის ქვეშ მყოფმა არჩია, რომ მე უნდა დავიცვა მისი უფლებები", - განაცხადა პაატა შავაძემ.
შავაძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძეს გირაო იმიტომ უნდა შეეფარდოს, რომ ის არ არის ნასამართლევი.
"არ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების რაიმე საფრთხე, დაბარების შემთხვევაში ის ყოველთვის ცხადდებოდა საგამოძიებო უწყებებში, არ არის მოსალოდნელი დასაშაულებრივი მოქმედებების შემდგომი გაგრძელება," - აღნიშნა პაატა შავაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მერაბ ღოღობერიძეს ადვოკატი ზაზა პაპიძე აღარ დაიცავს. ზაზა პაპიძის განცხადებით, დაცვის ტაქტიკაზე ის და ღოღობერიძე ვერ შეთანხმდნენ. მისივე თქმით, საქმეში ადვოკატი პაატა შავაძე ჩაერთო, რომელთან ერთადაც ის არ იმუშავებს.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას, მას ბრალს უახლოეს საათში წარედგინება.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად 18 პირია დაკავებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს.





