imedi
კანონიერი ქურდები ფულს skype-ით სძალავდნენ
სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის რუსლან ჩიქოვანს 6 წლით, ხოლო კაკო ტუღუშს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები ბათუმში მცხოვრები ორი ბიზნესმენისგან დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
სასამართლო სხდომაზე რუსლან ჩიქოვანმა ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ ის ქურდული სამყაროს წევრი არ არის, თუმცა დაადასტურა, რომ მისთვის მანამდე უცნობი ქართველი და თურქი ბიზნესმენი ერთმანეთს თვითონ შეახვედრა. „აღნიშნული პირები მხოლოდ იმიტომ შევახვედრე, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო. მე მათ საუბარში საერთოდ არ ჩავრეულვარ“, - განაცხადა პროცესზე მსჯავრდებულმა რუსლან ჩიქოვანმა.





