Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს
სამართალი

გიორგი კაპანაძე
ფოტო: Facebook
ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ინფორმაცია Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ამ მედიაგამოცემის სარედაქციო პოლიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ სიმპათიებს გამოხატავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.





