ლევან იზორია: საფრანგეთი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ
სამართალი

ლევან იზორია ჟან-ივ ლე დრიანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგ კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.
საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართვის დინამიკას. „წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლოვ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.





