მეგი ნარსავიძე
საგარეჯოში სავარაუდოდ 85 წლის კაცის მიერ დაჭრილი ცოლის მდგომარეობა მძიმეა
სამართალი

ბუბა შალამბერიძე
ფოტო: shutterstock.com
სოფელ ყანდაურაში, სავარაუდოდ 85 წლის კაცის მიერ დაჭრილი ცოლის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ოპერაციამდე წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.
„ჩვენთან შემოყვანილია 71 წლის ქალბატონი. საგარეჯოს კლინიკიდანაა გადმოყვანილი. მიღებული აქვს ქალა-ტვინის ცეცხლნასროლი ტრავმა. ჩაუტარდა თავის ტვინის ტომოგრაფია.
ნანახია მრავლობითი ცეცხლნასროლი ტრავმა, მრავლობითი უცხო სხეულები თავის ქალაში შეღწევით, თავის ტვინის დაჟეჟილობა-მრავლობითი სისხლჩაქცევით. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მზადდება საოპერაციოდ.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა ბუბა შალამბერიძემ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში დღეს მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა შვილი, რძალი და მეზობლები - დედა-შვილი მოკლა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ცოლი კი დაიჭრა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი ეზოში დასახმარებლად შესულ მეზობელებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.





