გიორგი გახარია: პანკისის ხეობის საქმეზე ჯერ დაკავებული არავინაა
სამართალი

გიორგი გახარია
ფოტო: შსს
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის პანკისის ხეობაში დღეს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლის.
გიორგი გახარიამ და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა პანკსის ხეობაში დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში მოინახულეს.
დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რაც საბოლოოდ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას პოლიციამ ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.
ვითარების გამწვავების გამო პანკისის ხეობაში შს მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ჩავიდნენ. ისინი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაგრძელდება მოლაპარაკებები, აქციები შეწყდება, პანკისის ხეობას სპეცრაზმი დატოვებს თუმცა პოლიცია დარჩება ადგილზე.
პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 35 ადამიანს. მათ შორის პოლიციელებიც არიან, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.





