ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
რეგიონი

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბლოგერებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს.
„მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერებმა ბათუმისა და აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ინფლუენსერებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებდნენ და მათ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდნენ.
საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მედია-ინფო ტურებთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის იაპონიაში, დუბაიში, ბერლინში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ჩინეთში, ფრანკფურტში, ინდოეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და ისრაელში. ამასთან, დეპარტამენტის მოწვევით, აჭარას უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდანაც სტუმრობდნენ“, - აღნიშნულია გავრცალებულ ინფორმაციაში.




