ნინო ლაცაბიძე: მუშაობას ვიწყებთ მსხვილ პროექტზე, რომელიც სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს - ეს არის სპორტ-ქალაქის მშენებლობა. მუშაობა დავიწყეთ რუსთავის ცენტრალური პარკის კონცეფციაზე
რეგიონი

ნინო ლაცაბიძე
ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცენტრალური მოედანი რუსთავის სავიზიტო ბარათია.
„კიდევ უფრო კარგად გვაქვს დანახული, როგორ შეიძლება, რომ ახალი მიზიდულობის ცენტრი იყოს და ამ პროექტს სატრანსპორტო კუთხითაც ვამუშავებთ. რც შეეხება თქვენს კითხვას, მოქალაქეთა ჩართულობაზე, სწორედ ამ ნაწილში ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ახლებურად ყოფილიყო გააზრებული რუსთავის ცენტრალური მოედანი.
ამასთან ერთად მუშაობას ვიწყებთ მსხვილ პროექტზე, რომელიც სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ეს არის სპორტ-ქალაქის მშენებლობა. მუშაობა დავიწყეთ რუსთავის ცენტრალური პარკის კონცეფციაზე - თითოეული რუსთაველისთვის ცენტრალური პარკი არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ოჯახებით ვისვენებთ“, - აღნიშნა მან.
ნინო ლაცაბიძემ ასევე ისაუბრა ეკოლოგიასა და ჭალის ტყეზე.
„იმასთან ერთად, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება, რათა საწარმოებმა კიდევ უფრო მეტად ყურად იღონ ჩვენი მოთხოვნები ეკოლოგიასთან მიმართებაში, იმასთან ერთად, რომ გარკვეული სამუშაოები მუნიციპალიტეტმა უნდა გავწიოთ, ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიც მაგალითად ჭალის ტყის აღდგენაა, რუსთავის პარკის განვითარებაა, ნამდვილად შეუწყობს ხელს იმ ისტორიული პრობლემის დაძლევას, რასაც ქალაქისთვის ეკოლოგია წარმოადგენს“, - დასძინა მან.





