ნინო ლაცაბიძე: 2026 წელს განსაკუთრებულად მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით გუნდი, რომ შევძლოთ ქალაქის განვითარება, აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
რეგიონი

ნინო ლაცაბიძე
ფოტო: რუსთავის მერია
2026 წელს განსაკუთრებულად მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით გუნდი, რომ შევძლოთ ქალაქის განვითარება, აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასული 4 წელი ნაკლებად მნშვნელოვანი იყო, თუმცა წელს ქალაქის განვითარება გარდამტეხი იქნება იმ პროექტების განხორციელებით, რომელიც ძალიან სჭირდება როგორც ქალაქს, ასევე თითოეულ რუსთაველს.
„როგორ ვიგეგმებით და რა არის პრიორიტეტი - დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მსგავს პროექტებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად გვახსენებენ ქალაქის მთავარ გამოწვევებს. მინდა ვთქვა, რომ ერთი წამით არ გვავიწყდება ის მთავარი ისტორიული გამოწვევები, რომლებიც ჩვენს ქალაქს აქვს. ამ პროექტებზე საუბარი ნამდვილად არ გვაძლევს უფლებას, რომ არ ვიმუშაოთ ყოველდღიურად ისევე, როგორც ვმუშაობთ სამინისტროსთან, საპარლამენტო გუნდთან, რათა მაგალითად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მიმართულებით, რაც არის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კიდევ არ გადავდგათ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიც გადავდგით 2020 წელს კანონის გამკაცრებით. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აზრს კარგავს ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, რომელიც განხორციელებულია უკვე, თუ გვექნება გარემო ისეთი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ძალიან ბევრ ნაბიჯს და მნიშვნელოვან ღონისძიებებს გავატარებთ იმისთვის, რომ ქალაქის ეს ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაძლეული“ - აღნიშნა მან.
ნინო ლაცაბიძის განცხადებითვე, ამის პარალელურად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქალაქში არის ყოფითი პრობლემები.
„რომ გავყოთ სამ დიდ მიმართულებად, რაზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ისტორიული პრობლემების დაძლევა, ყოფითი საკითხები და ყოფითი პროექტების განხორციელება, როგორიც არის, მაგალითად ლიფტების რეაბილიტაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქაც ძალიან მასშტაბური საქმიანობა დავიწყეთ. ქალაქის ნახევარი თითქმის უკვე ჩანაცვლებულია თანამედროვე, ევროპული ლიფტებით. სადარბაზოების რემონტი, წყალარინების სისტემები, სახურავები, ეს არის ყოფითო, ყოველდღიური გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს. კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და არის სამომავლო დიდი გეგმები, რომლებიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენი ქალაქის განვითარებას“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.





