აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა
რეგიონი

ფოტო: აჭარის მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე - უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში უძღვებოდა.
სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხოლო მდივნად - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. საბჭომ მოისმინა და რეკომენდაციები მიიღო იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პრიორიტეტულია. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული. მიღებული რეკომენდაციები მოიცავდა შემდეგ საკითხებს : ადრეული ქორწინების პრევენცია. აღნიშნულ თემაზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევა, რომელშიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მონაწილეობენ. ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა: საინფორმაციო კამპანიებში მოსწავლეების ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ძალადობის პრევენცია: ცენტრალურ უწყებებთან კოორდინაციით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. სხდომაზე, ასევე იმსჯელეს საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების თაობაზე. საბჭოს წევრებს შორის პასუხისმგებლობები დარგობრივი მიმართულებების მიხედვით გადანაწილდა, რაც მიღებული რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.





