ელისო ბოლქვაძე: 2026 წელი კულტურის სფეროსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება
რეგიონი

ელისო ბოლქვაძე
ფოტო: აჭარის კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, 2025 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, აჭარა გამოირჩეოდა შთამბეჭდავი კულტურული აქტივობებით, რამაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა რეგიონის პოტენციალი და უნიკალური შესაძლებლობები.
„ის რომ ახალი სამინისტრო შეიქმნა, არის სახელმწიფოს მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ. ეს არის ძალიან საჭირო და გამართლებული, ვინაიდან აჭარაში არის უდიდესი პოტენციალი. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მრავალფეროვანი საღამოები და კონცერტები, ეს იყო საზოგადოების კონსოლიდაციის ერთგვარი გამოხატულება, რაც ძალიან სასიხარულოა. შედეგი ნამდვილად მივიღეთ, 600-მდე ღონისძიება ჩატარდა. მომზადების პროცესში ჩართული იყო 7000 ადამიანი, დარბაზში ფიზიკურად დამსწრე მაყურებელი იყო 120 000, ამას ემატება სოციალური ქსელები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანის მოზიდვა გვინდა სხვადასხვა პროექტით“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
მინისტრის განცხადებით, 2026 წელი კულტურის სფეროსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, ახალი იდეებით და ახალი მიღწევებით. მისივე თქმით, ძირითადი პრიორიტეტები უკვე არსებობს, არის გეგმები ფესტივალებისა და ღონისძიებების, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩატარდება.
„ძირითადი ხაზი კულტურის პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო - ეს არის, კულტურა შევიდეს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა სახლში მიაღწიოს და იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვინაიდან საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია, ხელოვნება, ფოლკლორი და ყველაფერი ის რაზეც დგას ქართული კულტურა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.





