ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
რეგიონი

ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მათი მოადგილეები, ასევე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, პროექტზე მომუშავე ერთობლივი ქართული და უცხოური ორგანიზაციის, მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის შემუშავებას ახორციელებს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, მუნიციპალიტეტის ინიციირებითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით - „სიცოცხლით სავსე ქალაქების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე წარდგენილი იქნა პროექტის სამუშაო გეგმა, მეთოდოლოგია და განხორციელების ვადები.
დოკუმენტის შემუშავების ძირითადი მიზანია ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული, ტურისტული და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერება რეგიონულ, ისე ქვეყნის მასშტაბით. გეგმა ითვალისწინებს სატრანსპორტო გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას, ურბანული განახლების განხორციელებას, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგებას, ასევე ისეთი ღონისძიებების შეთავაზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





