ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის პარკირებისთვის მერია ფართს აღარ დაიქირავებს, რითაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლიურად 240 000 ლარი დაიზოგება
რეგიონი

ვარლამ წიკლაური
ფოტო: Facebook
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოფარეხისთვის მერია ფართს აღარ დაიქირავებს, რითაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლიურად 240 000 ლარი დაიზოგება. მედიას კითხვები ჰქონდა ავტოპარკთან და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომობილების მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით, რაზეც მერმა განმარტებები გააკეთა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ადრე მერიას ტრანსპორტის პარკირებისთვის ფართი ჰქონდა ნაქირავები, თუმცა ვინაიდან მუნიციპალიტეტს საკუთარ ბალანსზე შესაფერისი ტერიტორია გააჩნია, მისი გადაწყვეტილებით, ავტოფარეხი სწორედ ამ ტერიტორიაზე განთავსდება და სხვა ფართს აღარ დაიქირავებს. ამით ვარლამ წიკლაურის მერობის პირველივე თვეს ბიუჯეტიდან წლიურ ჭრილში 240 000 ლარი დაიზოგება.
გარდა ამისა, ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანები სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დარჩებიან ადმინისტრაციულ შენობასთან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაიზოგება საწვავის ხარჯი.
„დაზოგილი თანხა მოხმარდება ახალციხეში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ საჭიროებებს და იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, წინსვლასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.
ამასთან, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, დაიწყო უსახური და უკანონოდ დადგმული სარეკლამო ბანერების დემონტაჟიც.





