სიღნაღში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
რეგიონი

ფოტო: Facebook
სიღნაღში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა - მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების გასტრონომიული კუთხე მოეწყო. ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია, ასევე გაიმართა ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოების გამოფენა - გაყიდვა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
სიღნაღის „შემოდგომის ფესტივალის“ მიზანი ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ქართული, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის, ისევე როგორც, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.
„შემოდგომის ფესტივალს“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - გიორგი ბენაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.





