ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ცხვარაძე „ხალხის ძალას“ შეუერთდა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ცხვარაძე „ხალხის ძალაში“ გადავიდა. მან „ქართული ოცნება“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ცხვარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
„ხალხის ძალას“ ვუერთდები, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც. გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია, უფრო ხმამაღლა ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა ნინო ცხვარაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრებმა, თენგიზ აფხაზავამ, ცხვარაძის წასვლით საკრებულოში კრიზისი გამორიცხა. მისი განცხადებით, ფუნდამენტურ საკითხებში განსხვავება არ არის.
ბათუმის საკრებულოში უმრავლესობისთვის ერთი ხმაც გადამწყვეტია.
„როცა სუბარმა და ყაველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არის საკითხები, რომლებზეც ვერ ისაუბრებდნენ. ეს არის მხოლოდ სხვაობა, სხვა ძირითად ფუნდამენტურ საკითხებთან, ამ ადამიანებთან სხვაობა არ არის. არ მგონია, ძირითად საკითხებში, როგორებიცაა მუნიციპალური პროექტების განხორციელება და საბიუჯეტო საკითხები, მას რაღაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ფრაქციის არცერთ წევრს არასდროს არ ვუკონტროლებდით, რა უნდა ეთქვა“, - განაცხადა აფხაზავამ.





