ბათუმში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან მეხუთე გარდაცვლილი ამოიყვანეს
რეგიონი

ფოტო: Facebook
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილთაგან ერთი ასაკოვანი ქალი, ორი კაცი და ორი ბავშვია.
რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.





