დმანისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
რეგიონი

ფოტო: IMEDI
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, დაპირისპირება შუადღეს მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბის განსხვავებულ ვერსიებს ჰყვებიან.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრების განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მერობის კანდიდატი მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ, რასაც მათ პასუხი გასცეს და ამას მოჰყვა დაპირისპირება და ჩხუბი. რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ისინი ამბობენ, რომ ცივი იარაღით არავინ შეუნიშნავთ.
„ნაცმოძრაობაში“ ამბობენ, რომ ისინი მოსახლეობას ხვდებოდნენ, როდესაც მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს და მათი პარტიის ორი წარმომადგენელი დაჭრეს.
დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.





