თეონა კვარაცხელია
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საიუბილეო სეზონს განახლებულ შენობაში ხვდება
რეგიონი

ფოტო: თეონა კვარაცხელია
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 140 წლისაა. საიუბილეო სეზონს თეატრი განახლებულ შენობაში ხვდება.
რუსთაველის თეატრისა და სენაკის თეატრის მსახიობები მაყურებლის წინაშე ერთობლივი ნამუშევრით წარდგებიან. მსახიობები ერიკ ემანუელ შმიდტის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ წარადგენენ.
სპექტაკლს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ახლადგახსნილი თეატრი რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის გახსნას უმასპინძლებს.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თეატრს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა. დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეატრი შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.





