დარეჯან ჩხიკვაძე
ბუკნარში გამართული შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეების აცხადებენ, რომ მხარებს შორის შეთანხმება შედგა.
მათი თქმით, ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.
„მინდა მოგილოცოთ და დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. ეს იქნება ჩვენი მომავალი კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობის სიმბოლო. ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
„მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს გადაეხვივნენ, ჩამოართვეს ხელი, რაც იყო ნიშანდობლივი საქართველოს ნებისმიერი რეგიონისთვის. ჩვენი ისტორიის მონაპოვარია და ჩვენი კულტურის ნაწილია ის, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები თანაცხოვრობენ საქართველოში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 2 დღის წინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.





