ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება
რეგიონი

ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ბაღებში არსებულ ვითარებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
„ამჟამად, სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადება მიმდინარეობს. სპეციალური სამსახურების მიერ, ბაღები სპეციალური ხსნარებით მუშავდება. თითოეული ბაღის პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთავრობის რეგულაციები მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს ბავშვებს შესაბამისი გარემო ჰქონდეთ“ - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელაიამ.





