კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
რეგიონი

კახა კალაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქობულეთში, აქ დაბრუნებისას შეუძლებელია გულწრფელი სიხარული არ დაეუფლოს, რადგან მზე, ზღვა, ბუნება,შესანიშნავი ადამიანები ყოველთვის დადებით მუხტს და განწყობას სძენს თითოეულ ადამიანს , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინეს.
კახა კალაძის თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც სჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.
მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





