ნათია თურნავა: საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი არის ჩვენი მომავალი
რეგიონი

ნათია თურნავა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, იგივე Log-in Georgia-ს მეშვეობით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, ტექნიკურად რთულადმიღწევად პუნქტებში, გვექნება მაღალი ხარისხის, ფართოზოლოვანი ინტერნეტი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ინტერნეტით სარგებლობა გაიზრდება, არამედ, ეს ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. განსაკუთრებით კორონავირუსისა და პოსტკოვიდ-პერიოდშიც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დისტანციური მუშაობის რეჟიმი. ესაა ახალი შესაძლებლობა ადამიანებისთვის, სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები, ესაა ახალი შესაძლებლობა ტურიზმისთვის, რადგან განთავსების საშუალებას იძლევა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია მალე დაუბრუნდება დადებით დინამიკას. ამასთან, ესაა ონლაინ განათლებისთვის ახალი შესაძლებლობა. ესაა ჩვენი მომავალი და ჩვენ, ამ თვალსაზრისით, ერთი ნაბიჯით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში, 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება. ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.





