ღვთაების მონასტრამდე მისვლა უკვე განახლებული გზით არის შესაძლებელი
რეგიონი

ფოტო: IMEDI
ღვთაების მონასტრამდე მისვლა უკვე განახლებული გზით არის შესაძლებელი. სოფელ მარტყოფში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.
სოფლის მკვიდრი, ფილოლოგი სალომე ყველაშვილი ყვება, რომ მარიამობის დღესასწაულზე ტაძარში მოსასვლელად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო სწორედ ამ გზით სარგებლობდა. რეაბილიტაციის შემდეგ სამონასტრო კომპლექსთან მოხვედრა უკვე დროის მცირე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტითაც შესაძლებელია.
მარტყოფიდან ღვთების მონასტრამდე მისასვლელ რეაბილიტირებულ გზაზე, რამდენიმე ეკლესია-მონასტერია. სასულიერო პირები ამ მონაკვეთის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე ყვებიან. მათი თქმით, გზის განახლებამ მომლოცველებს გადაადგილება ბევრად გაუმარტივა.
გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ, სოფელი ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ მოსახლეობას მარტყოფის ტურისტული პოტენციალი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.





