გიორგი გახარია: მარნეულსა და მის ირგვლივ არსებულ სოფლებს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
რეგიონი

გიორგი გახარია
ფოტო: Imedi.ge
„მარნეული ძლიერი რეგიონია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ბევრი რამაა გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ვნახეთ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ესაა სისტემა, რომელზე მუშაობაც დაიწყო და რომელიც ბიუჯეტიდან დაჯდება 200 მილიონი ლარი და მარნეულსა და ირგვლივ არსებულ სოფლებს სამუდამოდ ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„საირიგაციო, სარწყავი წყალი, რა თქმა უნდა, პრობლემაა მთელ ქვეყანაში და აქ, მარნეულშიც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ და შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს საკმარისია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რომელიც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი გავხადოთ“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკი(ADB) აფინანსებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.
„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას დღეს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.





