დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან
რეგიონი

ფოტო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან.
ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა. სულ, 60 თანამშრომელი გადამზადდა.
კურსი მოიცავდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნეიროქირურგიის და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა, კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა ჩაატარა, შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებისაგან, ასევე ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს, ასევე მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსთვის გამართული ტრენინგების ფარგლებში, სულ, 60 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლების მიზანია დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით.
გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია.





