გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება
რეგიონი

ფოტო: ანა შეპკინა
ქალაქის დანარჩენ და სოფლების უმეტეს ტაძრებში აღდგომის ჟამის წირვა დილის 7 საათზე დაიწყება. მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე უნდა მივიდეს და ტაძრის დატოვებას 6:00 საათზე, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ შეძლებს. მსახურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. ლიტურგიას ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს.
„რამდენიმე საათი დარჩა და ერთმანეთს ვახარებთ ქრისტეს აღდგომას და ერთმანეთს მივესალმებით სიტყვებით – ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! ვნების კვირეულმა სასიხარულოდ და სანუგეშოდ განვლო ყველა მორწმუნისათვის,ყველა ადამიანისთვის ვინც შეძლო ეკლესიაში მოსვლა და იმათთვისაც ვინც ვერ შეძლო მოსვლა. მინდა გითხრათ რომ იყო რამდენიმე ღვთისმსახურების პირდაპირი ტრანსლაცია და ადამიანთა გამოხმაურება იყო ძალზედ სასიხარულო. ვნების შვიდეული იმ წესითა და რიგით ჩატარდა რაც იყო აქამდე და ასევე აღდგომის დღესასწაულს შევეგებებით იმ წესით როგორც აქამდე გვქონდა ანუ ღამისთევით საკათედრო ტაძარში.
მაგრამ რადგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და კომენდანტის საათი მოქმედებს, თავისთავად ამას შემოაქვს თავისი მოთხოვნა რომ მრევლმა შეძლოს დასწრება სააღდგომო ლიტურგიაზე. ამიტომ ნაწილ ტაძრებში სააღდგომო ჟამის წირვა გაიმართება დილის 7 საათზე. ასევე ეს ეხება რამდენიმე სოფელსაც,რადგან ახლა ტრანსპორტი არ დადის და მოსახლეობას რამდენიმე სოფლიდან უწევთ შეკრება ერთ ტაძარში. სამწუხაროდ ყველგან არ გვაქვს შესაძლებლობა მრევლს შევთავაზოთ თბილი თავშესაფარი და პირობები რომ ღამე გაატარონ.
ღვთის წყალობით ამგვარად ვაპირებთ აღდგომის შეგებებას ყველა რეკომენდაციის დაცვით. პირბადეებით დისტანციის დაცვით. 21:00 საათზე შეკრებილები იქნებიან უკვე ადამიანები და გავლენ დილის 6:00 საათზე. ეს უჩვეულოა ყველა ჩვენთაგანისთვის. ვგრძნობთ განსხვავებულობას და პასუხისმგებლობას ჩვენი მრევლისა და ქვეყნის წინაშე, ხელისუფლება ძალიანაა მონდომებული და ჩვენ ამ მონდომებას ვხედავთ. ვმადლობთ სამედიცინო საზოგადოებას რომელიც მართლაც ძალ-ღონეს დაუზოგავად ემსახურებიან ავადმყოფებს ამ რთულ ვითარებაში, ჩემთვის გასაგებია მათი მძაფრი შეფასება ამ სიტუაციის რადგან მათ უწევთ უშუალოდ შეხება და ისინიც იღლებიან და მორალურად ზეწოლის ქვეშ არიან ამ ვითარებისა, მათაც ოჯახები ჰყავთ და მათი დაღლა და დაუძლურება რთულად აისახება იმ ვითარებაზე რაც ვირუსმა გამოიწვია“, - განაცხადა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.




