დარეჯან ჩხიკვაძე
ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სეირნობდა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია. მის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებილი არიან პოლიცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.
როგორც ცენტრში განმარტეს, შევიდა შეტყობინება, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ქალი ქუჩაში სეირნობდა.
„არც ქალი უარყოფს ფაქტს. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებში. ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ“, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





