სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე უნდა
პოლიტიკა

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Facebook
მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს შეიკრიბება და სავარაუდოდ, ამ საკითხსაც გადაწყვეტს.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მყოფი ლიდერი სჭირდება.
გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პარტიას ეფექტური მართვა სჭირდება. მისი თქმით, ხმები იმის შესახებ რომ სააკაშვილი პარტიიდან მიდის სიმართლეს არ შეესაბამება:
"მომესმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და რაღაც მსგავსი სისულელეები. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერია და ყველა ცვლილება, რაც ამ პარტიის სტრუქტურაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, რადგან მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ახლა შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის კანდიდატი იყო, ის სალომე ზურაბიშვილთან მეორე ტურში დამარცხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკანორ მელიაა, რაც შეეხება თავმჯდომარეს, პარტიის პრესსამსახურში imedinews-ს უთხრეს, რომ ეს თანამდებობა ახლა ვაკანტურია, თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.
აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
2018 წლის ივნისში სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ასევე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში. მოსამართლემ ექსპრეზიდენტს 8 წელი მიუსაჯა, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით კი მას 6 წლით პატიმრობა დარჩა.




