13 აპრილიდან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები კომპენსაციას აიღებენ
პოლიტიკა

თბილისის მერია
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის თბილისის მომსახურე "თიბისი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან "თიბისი ბანკის" სამ ფილიალში შეძლებენ: ჭავჭავაძის N11-ში მდებარე ცენტრალურ ფილიალში, მარჯანიშვილის N 7-ში მდებარე მარჯანიშვილის ფილიალსა და წერეთლის N 117-ში მდებარე დიდუბის ფილიალში.
მერიის ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები, შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ, 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს. მოგვიანებით კი ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდნენ.





