სასამართლომ ბესელიას სარჩელი კილაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
პოლიტიკა

ელისო კილაძე ეკა ბესელია
სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი, გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ინფორმაციას სააგენტო ipn ეკა ბესელიას ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატ გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ელისო კილაძეს, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი 20 500 ლარი არ დაეკისრა და მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმა დაუწესა.
საქმე ეხება ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც მან ეკა ბესელია კორუფციაში და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადებების გამო დეპუტატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლითაც ელისო კილაძისგან "ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფასა" და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 500 ლარს ითხოვდა.
ეკა ბესელიამ ანალოგიური სარჩელი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგაც შეიტანა, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება ასევე პარლამენტის წევრის სასარგებლოდ გამოიტანა.
უმრავლესობის დეპუტატი ამ ფაქტს Facebook-ზე თავადაც გამოეხმაურა.
"ეს მეორე მოგებული სასამართლო პროცესი ცილისმწამებელ ელისაშვილის შემდეგ! ორივე სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა ის რაც იყო სიმართლე - ელისაშვილი-კილაძე იყვნენ ცილისმწამებლები! მოქმედებდნენ მიზანმიმართულად! ეს პრეცედენტები სჭირდება საზოგადოებას პირველ რიგში რომ არსებობდეს დაცვის სტანდარტი! ეს პრეცედენტები სჭირდებათ ადამიანებს, რათა დაიცვან თავი ცილისმწამებლებისგან!!! აქ მთავარი ჯარიმა არაა, აქ მთავარი - ცილისწამების ფაქტის დადგენაა და უარყოფის დავალება! სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მივყვები პროცესს და არც მერე ვაპირებ დაღლას"- წერს ბესელია.





