ქეთევან ლაცაბიძე
მარგველაშვილი: ვაკონტროლებ სტრასბურგს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემა "ვის უნდა 20 ათასს"
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ილიაუნში
ფოტო: ქეთი ლაცაბიძე
"სტრასბურგის სასამართლოს ვაკონტროლებ, თან წერილების მეშვეობით, შემიძლია ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემა "ვის უნდა 20 ათასს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე პრეზიდენტის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოზე შესაძლო ზეგავლენის თაობაზე.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მან გააკეთა "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური განცხადება, მაგრამ არ იცის, საიდან მოდის ეს ინფორმაცია და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვდიან თანამდებობის პირს ასეთ ინფორმაციებს. "სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს და დავანებოთ თავი კონსპირაციულ თეორიებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი შედგეს პოლიტიკოსებთან, მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა. რატომ ვარ აქ მარტო სცენაზე, რატომ არ მეკამათებიან ამ მომენტში, რატომ არ ისმენენ თქვენს აზრს აქედან, ეს ხომ ჯანმრთელი პროცესია, ერთმანეთს ბრალი კი არ დავდოთ, არამედ ვეკამათოთ. ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის განცხადებას.
გიორგი მარგველაშვილი ილიაუნის სტუდენტებს ხვდება პროექტის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში. სტრასბურგში წერილების გაგზავნის თაობაზე კითხვა მარგველაშვილს სტუდენტმა დაუსვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და შესაძლო ზეგვალენაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადება განმარტა, სადაც ასევე ისაუბრა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. "იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა კობახიძემ.
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.





