მიხეილ ჯანელიძე სერჟ სარგსიანს შეხვდა
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე სერჟ სარგსიანი
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერმინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის დღეისათვის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონეა, რაც შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კონტაქტებში გამოიხატება. "მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოზიტიურ განვითარებას, კერძოდ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე მიმოიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და მათი ხელშეწყობის გზები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე განსაკუთებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. "ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





