ლევან მორჩიაშვილი
დეკანოზის ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის პირობა ისევ არ მოუხსნა
პოლიტიკა

გიორგი ფანცულაია
დეკანოზ გიორგის (მამალაძე) ადვოკატებმა გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით
პროკურატურისგან კვლავ წერილობითი უარი მიიღეს.
მამალაძის უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ევროპული სასამართლოს იმედი აქვთ. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი", მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვასთან დაკავშირებით, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. ცენტრის იურისტები ციხეში დეკანოზს ხვალ 11 საათზე მოინახულებენ.
დეკანოზის ადვოკატი, ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ გიორგის (მამალაძე) ღვთისმსახურება შეუჩერეს, სიმართლე არ არის.
გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურას არ ჰყავს მოწმე, რომელიც მკვლელობის შესაძლო მომზადების ბრალდებას დაადასტურებს.
დეკანოზის ადვოკატმა პროკურატურას გაუთქმელობის პირობის მოხსნის მოთხოვნით პირველად თებერვლის დასაწყისში მიმართა, თუმცა, უწყებამ მისი მოთხოვნა მაშინაც არ დააკმაყოფილა. ამავე საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ადვოკატებისთვის გაუთქმელობის პირობის არმოხსნით მხარეთა თანასწორობის პრინციპი ირღვევა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





