ირმა ებრალიძე
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია პარტიებს აფრთხილებს
პოლიტიკა

ელიავას ბაზრობა
ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მფლობელები, მსხვილი მოიჯარეები და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მოვაჭრეებთან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა სტუმრობის ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებს მოვაჭრეები შეცდომაში შეჰყავთ.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 აპრილს ბაზრობის ტერიტორიაზე პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრებმა, პრაქტიკულად, მიტინგი გამართეს და მოვაჭრეებს არწმუნებდნენ, თითქოსდა, ხელისუფლებას, თბილისის გენერალურ გეგმის დამტკიცების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს ე.წ. "ელიავას" ბაზრობის ტერიტორიიდან მოვაჭრეების აყრა. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მოვაჭრეები ტერიტორიიდან არ გაყაროს, მათი ორგანიზებული პროტესტია საჭირო.
"არ დავუშვებთ, რომ ჩვენთან დასაქმებულთა და მათთან დაკავშირებულ პირთა (ჯამში სულ მცირე 15 000 ადამიანი) ინტერესები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდეს. ტყუილად ირჯებიან პოლიტიკური ძალები, როცა თუნდაც თითიდან გამოწოვილი საპროტესტო მუხტის შექმნა უნდათ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშ სურთ ჩვენი მოქცევა. ვაკვირდებით თბილისის მიწათმოწყობის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესს. მას შემდეგ, რაც საკრებულოში შევა "სითი ინსტიტუტის" მიერ შემუშავებული გეგმა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. ამ ტერიტორიაზე ქალაქმა თავად შექმნა წარმატებული ეკონომიკური ზონა და ცხადია, მისი ხელაღებით მოშლა მიზანშეუწონელი იქნება. სხვა საკითხია მისი თანამედროვე სავაჭრო პლატფორმად ქცევა და მოლის პრინციპით მოწყობა. ეს, გენგეგმამ რომ არც გვითხრას, თავად ვგრძნობთ რეალობას და თბილისის მერიაში 2016 წლის ზაფხულის შემდეგ წარდგენილი გვაქვს კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმა. ვაფრთხილებთ პოლიტიკურ პარტიებს, არც კი სცადონ ჩვენი და ამ ადამიანების ნერვების გამოცდა და ვითომდა გაჩენილი ახალი პრობლემის თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების კონტექსტში მოაზრება. დასაქმებულთა ინტერესების პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების უფლება არავის აქვს", - ნათქვამია "ელიავას ბაზრობის" ადმინისტრაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს შპს "სეტი 9", შპს " განთიადი", შპს "ბბ8", შპს "ჯითი თრეიდი", შპს "დიდუბე 95", შპს "ლინი" და შპს "სავაჭრო ცენტრი დიდუბე" აწერენ.
ცოტა ხნის წინ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რეკრეაციული ან საგამოფენო სივრცე განთავსდება. მისი განმარტებით, ცვლილებები იქ მომუშავეთა უფლებების დაცვით უნდა განხორციელდეს.





