სერგო მეთოფიშვილი კამპანიაში ჩართული ადვოკატების დაჯარიმებას მოითხოვს
პოლიტიკა

სერგო მეთოფიშვილი
ფოტო: არქივი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ ადვოკატების მიერ დაწყებულ კამპანიას Facebook-ზე ეხმიანება. სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანიის ავტორი ადვოკატები უნდა დაჯარიმდნენ.
სერგო მეთოფიშვილის თქმით, ასეთი ქცევა "სასამართლოს მიმართ აშკარა უპატივცემულობაა".
"წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი აცილება კონკრეტული საქმიდან ადვოკატმა შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ იმიტომ, რომ მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, კეთილსინდისიერად შევასრულე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება! თურმე ამიტომ ვარ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე! ამას არანაირი შეხება არა აქვს კანონით გათვალისწინებულ აცილების მიზნებთან! ეს უკვე მართლა აბსურდის თეატრს ემსგავსება! ამ პროვოკაციულ კამპანიას არანაირი საერთო არა აქვს კანონთან! ამაზე მეტი უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ ვერ წარმომიდგენია! ეს კანონით გათვალისწინებული აცილება კი არ არის და ეს კამპანია კანონით გათვალისწინებულ აცილების მიზნებს კი არ ემსახერება, ას მუქარაა, სასამართლოს უპატივცემულობაა და ზეგავლენის მცდელობაა!!!", - წერს მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.
ადვოკატთა ნაწილი, რომელმაც გუშინ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ კამპანია "აიცილე ლევან მურუსიძე" დაიწყო, კიდევ 9 მოსამართლის აცილებას ითხოვს. 10 მოსამართლის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით პეტიციის შექმნაც იგეგმება.
კამპანიას Facebook-ზე მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა. გვრიტიშვილის თქმით, ეს კამპანია "იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ".
მოსამართლე წერს, რომ ადვოკატები ახლა უკვე ამ ფორმით აგრძელებენ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმებს





