imedi
პარლამენტი ნარკოპოლიტიკასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მსჯელობს
პოლიტიკა

პარლამენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ნარკოპოლიტიკასა და საგზაო უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ. საუბარია საგზაო მოძრაობისა და პოლიციის შესახებ კანონპროექტებზე, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანაზე.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ცვლილებები განიხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ითვალისწინებს ჰუმანურ მიდგომას მომხმარებლის, ხოლო მკაცრ დამოკიდებულებას გამსაღებლის მიმართ. საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოვლენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე.
მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს მარიხუანის მოყვანასა და კანაფის დათესვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობაში დანერგვას.
კანონპროექტით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უქმდება, ხოლო მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება. თავისუფლების აღკვეთის სასჯელი ასევე უქმდება კანაფის დათესვისთვისაც, თუ მისი წონა დიდ ოდენობას (140 გრამი) არ აღემატება. ცვლილებების პაკეტს მხარი უკვე დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა.
2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი და პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.





