გია ჟორჟოლიანმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის.
ჟორჟოლიანის განცხადებით, ის ივანიშვილს დღეს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კი მმართველ გუნდში არსებული პრობლემები იყო.
მანამდე განცხადება გააკეთა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა. დეპუტატი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციასაც ტოვებს.
მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.
უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ეს გადაწყვეტილება ნაცვლიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა.





