გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა
პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე
ფოტო: არქივი
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის რიგები დატოვა. პარლამენტარმა ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დეპუტატი, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციასაც ტოვებს. გუნდიდან წასვლის მთავარ მიზეზად, ფოფხაძე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ გასულ წელსაც განაცხადა. მაშინ "ქართული ოცნების" წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, საზოგადებრივი მაუწყებლის სამეურვე საბჭოში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა არ მოიწონა. მოგვიანებით დეპუტატმა გადაწყვეტილება შეცვლა.
გედევან ფოფხაძემ, ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით პარტიის ლიდერი, მედიატორი აღარ არის და ის ამ დავაში მხარედ იქცა.
„ბიძინა ივანიშვილი პირობას იძლეოდა, რომ მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და თავად მხარე არ იქნებოდა. ეს გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს მოგვცემდა სამოქმედოდ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის მხარე გახდა მოსამართლეების ნაწილში. რადგან მივდივარ გუნდიდან, გასაგებია, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი იმის იმედი მექნებოდა, რომ ჩემს პოზიციას რაიმესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა, მაშინ ალბათ, იმის ვალდებულებაც მექნებოდა, ჩემი პოზიციის მტკიცება გამეგრძელებინა. ამ საკითხზე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის განსხვავებული აზრი იყო. თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება. არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს, მგონია, რომ ამის უფლება არ მაქვს.
დეპუტატი აცხადებს რომ, ექვსი წლის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ვერ აიძულეს.
“უბრალოდ, პირობა ჩამომართვეს, ამაზე საჯაროდ არ ილაპარაკოო. ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, მას დავუპირისპირდი და მითხრა – შენი რელიგიური შეხედულებები პარლამენტის წინ უნდა დატოვოო. მე ვუპასუხე, პიჯაკი არ არის, რომ გავიხადო, დავტოვო, შევიდე და რომ გამოვალ, მერე ჩავიცვათქო. ეს დიალოგი ყველას ახსოვს”,
გედევან ფოფხაძის გარდა, "ქართული ოცნება" ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.





