ანდრეი ჯუფალაკიანი
მოსკოვი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებით კმაყოფილია
პოლიტიკა

კრემლი, მოსკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვი სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებით კმაყოფილია. დიმიტრი პესკოვის თქმით, "ეს იყო დემოკრატიული, გამჭვირვალე და პოლიტიკურად კონკურენტული პროცესი. მთავარი კანდიდატები რუსეთთან ურთიერთობის განვითარებით დაინტერესებულნი არიან".
დამარცხება უკვე აღიარა ლეონიდ თიბილოვმა. "ეს ხალხის არჩევანია", - აღნიშნა მან.
ე. წ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 57,98 %-ით გაიმარჯვა.
ლეონიდ თიბილოვი - 30 %
ალან გაგლოევი - 11,1 %
ანატოლი ბიბილოვი 1992 წლიდან მსახურობდა სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ე. წ. სამშვიდობო დანაყოფში, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, არის წოდებით გენერალ-ლეიტენანტი, იყო განსაკუთრებულ დავალებათა ე. წ. მინისტრი.
რაც შეეხება ე. წ. რეფერენდუმს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 78 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
ე. წ. არჩევნებს და ე. წ. რეფერენდუმს რუსეთის და ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.
ე. წ. ცესკო-ს განცხადებით, "სულ 77 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის - 5 საზღვრებს მიღმა, აქედან ერთი - სოხუმში".
ე. წ. საპრეზიდენტო რჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი ე. წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ე. წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და ე. წ. КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ე. წ. რეფერენდუმი იმის გასარკვევად ჩატარდა, უნდა თუ არა მოსახლეობას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. ლეონიდ თიბილოვის სურვილი "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა".





